English / ქართული / русский /
ზაირა ბერიძეპაატა აროშიძე
სპორტული ინდუსტრიის გავლენა თვითმმართველი ერთეულების ცხოვრების დონეზე (აჭარის მცხოვრებლების მაგალითზე)

ანოტაცია. დღეს სპორტული ტურიზმის ბუმია და ეს სფერო მომავალში აუცილებლად კიდევ უფრო განვითარდება, რაც, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სპორტის სამომავლო პოპულარიზაციის გარანტიაც გახდება.

საქართველო ამ მხრივ უიმედო ქვეყანათა რიცხვში ნამდვილად არ არის და აქ სპორტული ტურიზმის განსავითარებლად რესურსები არსებობს. შეიძლება ჩვენთან არ არის მსოფლიოში ცნობილი კლუბები, რის სანახავადაც ჩამოსული ტურისტი ფულს გადაიხდიდა, მაგრამ საინტერესო ნოვაციების მოფიქრება ჩვენს ქვეყანაში მაინც შესაძლებელია, ტურისტული პროდუქტები, სხვა რესურსებთან ერთად, გარკვეულ სარგებელს მოუტანს თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის მოსახლეობას. 

საკვანძო სიტყვები: სპორტი, სპორტული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი. 

შესავალი

აჭარაში უნიკალური  ბუნებრივი პირობებია შექმნილი ტურიზმის თითქმის ყველა სახეობის განვითარებისათვის. ტურიზმის სხვადასხვა სახეობებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით აჭარაში ზღვაზე დასვენების ტურიზმი და  ეკოტურიზმი  (ღვინის ტურიზმი, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა) სარგებლობს. ბოლო წლებში აჭარაში ტურიზმის ისეთი სახეობები იწყებს განვითარებას, როგორიცაა სოფლად ტურიზმი,   სამთო-სათხილამურო ტურიზმი, საკრუიზო ტურიზმი, MICE ტურიზმი და სათამაშო ტურიზმი. თუმცა, თავისი ბუნებრივი თავისებურებებით ასევე აქტუალური ხდება სპორტული ტურიზმის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა სამთო-სათხილამურო ტურიზმის პერსპექტივები და აქტივობები აჭარის რეგიონში. ტურიზმის ამ მიმართულების პოპულარიზაცია მოცემული რეგიონისათვის მრავალი დადებითი აქცენტის მომტანი შეიძლებას გახდეს − როგორც უშუალოდ აქტივობების განვითარების და ტურისტებზე ხარისხიანი მომსახურების გარანტი, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ეკონომიკური სარგებლიანობის წინაპირობა. 

* * *

თანამედროვე მსოფლიოში სპორტი და სპორტის ინდუსტრია გლობალური მოვლენაა. სპორტს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში. სპორტი გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებასა და ადამიანთა ქცევაზე, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაზე. სპორტს გააჩნია როგორც აღმზრდელობითი და გამაჯანსაღებელი, ისე ეკონომიკური ფუნქცია. იგი ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ამის ნათელი მაგალითია ოლიმპიური მოძრაობა და ევროპის სპორტის ქარტია, გაეროს მიერ სპორტის, როგორც მშვიდობისა და თანასწორობის საუკეთესო საშუალების გამოყენება კონფლიქტურ ზონებში.

სპორტული ტურიზმი ერთ-ერთი მოთხოვნადი და განვითარებადი ტრენდია მსოფლიოში. საქართველოს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, ამ  სფეროში მსოფლიოს მოწინავე პროფესიონალების გამოცდილება გაიზიაროს და ასევე აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების განვითარებაში.

სპორტული ტურიზმი მთელ მსოფლიოში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ხდება. განსაკუთრებით ზაფხულობით, როდესაც ფართომაშტაბიანი ტურნირები ეწყობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

ერთი სიტყვით, მთელ მსოფლიოში სპორტული ტურიზმის ბუმია და ეს სფერო მომავალში აუცილებლად კიდევ უფრო განვითარდება, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სპორტის სამომავლო პოპულარიზაციის გარანტიაც გახდება. რა თქმა უნდა, „ხელი ხელს ბანს“ და სადაც ბევრი ფული იტრიალებს, იქ ყველა კმაყოფილი და მონდომებული იქნება. და აქვე არ არის ფუჭი ილუზია ის, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია საქართველოში სპორტული ტურიზმი განსაკუთრებულად განვითარდეს, რადგან საინტერესო ნოვაციების მოფიქრება აქ  შესაძლებელია.

მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სათავგადასავლო, კერძოდ, ექსტრემალური ტურიზმი, რომლის შეთავაზების პრივილეგია, პირველ რიგში, ისეთი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყნებს შეუძლიათ, როგორიც საქართველოა. დღესდღეობით, ერთ-ერთ პოპულარულ ექსტრემალურ პროდუქტად შეგვიძლია ჯომარდობა მივიჩნიოთ.

საქართველო, თავისი ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, თანდათან იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ასე თუ ისე, ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს პოპულარიზაციაში, რაც, თავისთავად გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნების კვლევას და მათ  შესაბამისად განვითრებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას და სხვადასხვა სიახლეების დანერგვას. ამ დარგის განვითარება კი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, ტურიზმი ცნობილია, როგორც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი.

მსოფლიოში არსებული ტენდენციის მიხედვით, ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილებაზე/თავგადასავალზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტის მოხმარებასა და ახალი ადგილების აღმოჩენას. ამ კუთხით საქართველოს უპირატესობა გააჩნია იმიტომ, რომ ის მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით. საქართველოს ტერიტორია საშუალებას იძლევა სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის განვითარებისთვის – სამთო/ალპინისტური კუთხით კავკასიის მთიანეთი, საწყალოსნო ტურიზმის კუთხით – წყალუხვი და სწრაფი მდინარეები – რიონი, მტკვარი, ხობისწყალი, თერგი. სპელეოტურიზმისთვის კი შესანიშნავ პირობებს ქმნის დასავლეთ საქართველო (სამეგრელო, რაჭა).

ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება ყოველთვის სასურველია, თუმცა ანალოგიური გამოცდილებების პირდაპირ გადმოტანა საქართველოში არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ეკონომიკურ, სოციალურ თუ გეოგრაფიულ მიზეზთა გამო. ექტრემალური ტურიზმის მიმართულებაც თავისთავში აერთიანებს სხვადასხვა სახეობებს, რომელსაც განვითრების ინდივიდუალური სპეციფიკა გააჩნია და კომპლექსურად უნდა იქნეს განხილული. ექსტრემალური ტურიზმი ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან არ ასოცირდება. ტურიზმის ადმინისტრაცია პერიოდულად თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად და იზიარებს მათი ქვეყნის მაგალითს.

ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნული ტურისტული პროდუქტის განვითარებაზეც,  განსაზღვრული აქვს ყოველწლიური  ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმა.

”დაიჭირე და გაუშვის” პრინციპის დაცვით, საქართველოში უკვე სპორტული თევზაობის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი მტირალას ეროვნულ პარკში, მდინარე ჩაქვისწყალზე გაიმართა და მისი მიზანი საქართველოში სპორტული თევზაობის დანერგვა და ახალი ტურისტული სერვისის წარდგენა იყო.

ტურნირი საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

„მსგავსი მოქმედებებით პოპულარიზაციას ვუწევთ სარეკრეაციო თევზაობას, რაც დაჭერილი თევზის უკან, მდინარეში დაბრუნებას გულისხმობს. ეს სიახლეა ქართულ რეალობაში და მას პოპულარიზაცია სჭირდება. სპორტული თევზაობა, დაჭერა გაშვების პრინციპით, ბუნებას არ აზიანებს და ეკოტურიზმის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოეთში ამ სპორტის მოყვარულები, რომლებიც მთელ მსოფლიოში  მოგზაურობენ, ძალიან მრავლად არიან და ეს საქართველოში ამ ტიპის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია სპორტული თევზაობის მხარდაჭერას  აქტიურად აპირებს“.

სპორტული ტურიზმის ძირითად მომხმარებლებად ითვლება ჯგუფი, რომელიც შედგება ჩვეულებრივი ადამიანებისაგან, რომელთაც სურვილი აქვთ, მოგზაურობის დროს დაკავდნენ შერჩეული სპორტის სახეობით;

დასავლეთ საქართველო და, უფრო კონკრეტულად, აჭარა სპორტული ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო დესტინაციაა სხვადასხვა მიმართულებებით:

ა) „ბერდვოჩინგი“ − ნიშნავს ფრინველებზე დაკვირვებას;

ბ) სამთო-სათხილამურო − ტურიზმის სპეციალურ სახეებს მიეკუთვნება, რადგანაც ის ტურიზმის კომბინირებულ სახედ ითვლება და მოიცავს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, სამოყვარულო და ეკოლოგიური ტურიზმის ელემენტებს.

დასკვნა

ზემოთ ნახსენები  ტურიზმის მიმართულებები, გარდა კონკრეტული აქტივობებისა, ასევე მოითხოვს დამატებით თუ ძირითად რესურსებს საქმიანობის სრული გამართულობისათვის. მაგ., განთავსების საშუალებები იმ ტურისტებისათვის, რომლებიც ჩამოდიან უცხოეთიდან კონკრეტული აქტივობებისათვის, აქვე მათთვის საჭიროა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის გამართულობა და ა.შ. რაც მოიცავს, რომ მხოლოდ ერთი რესურსი არ არის საკმარისი ტურიზმის განვითარებისათვის, რაც თავისთავში გულისხმოსბ რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებით, გესთჰაუზების მომსახურებებით, კვებითი პროდუქციის მიწოდებით თუ სხვა, და, შესაბამისად, ეტაპობრივად, ეს საქმიანობები ადგილობრივი მოსახლეობის (ფინანსური) კეთილდღეობის წინაპირობა ხდება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი სპორტის შესახებ, თბ., 1996.
  2. საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ - „საკანონმდებლო მაცნე“, 2015 წ. 11.06.
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგზრდობის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამები, ბათუმი, 2016.
  4. საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, „სიახლეები”
  5. https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/14775080500101502?src=recsys